ვანის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დაკავებულია.
1964 წელს დაბადებული დავით კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებული, მაღალი გამავლობის „ჰაილუქსის" მარკის ავტომობილი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა. 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, სინამდვილეში, 20 დეკემბერსაა შედგენილი. დავით კაკაბაძემ ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკითხეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.