"კონსტიტუციის 42 მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს პატიმართა ინტერესებზე ცუდად აისახება.
როგორც ჯანეზაშვილი from.ge -სთან საუბარში აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტმა ასევე პრეზიდენტმა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უშუალოდ, პატიმართა და საზოგადოების ინტერესებიდან უნდა გამოვიდნენ.
"ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანს, სხვადასხვა ტიპის პატიმრებს ეხება. ამ მხრივ, ვფიქრობ ძალიან ცუდია, თუ მასზე ვეტოს დადება მოხდება, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს. ამ კანონპროექტის განხილვა ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობდა. ალბათ, იგეგმებოდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ახალ წლამდე მომხდარიყო. შესაბამისად, ბევრი ადამიანი მოლოდინის რეჟიმშია. აუცილებელია, როგორც პარლამენტმა ასევე პრეზიდენტმა ამ საკითხზე გარკვეული პასუხისმგებლობა აიღონ და უშუალოდ პატიმართა და საზოგადოების ინტერესებიდან გამოვიდნენ. ერთის მხრივ, არც პატიმართა ინტერესები და მეორეს მხრივ, არც საზოგადოებრივ ინტერესები არ უნდა დაზარალდეს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
პარლამენტის მიერ, მიღებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად დღეს გადაეგზავნება .
პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი 7 დღის ვადაში უნდა მოაწეროს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა კანონპროექტს ვეტო დაადოს.