სამართალდამცველი უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ თუ პარლამენტის წევრს ჩვენების მიცემა არ სურს, მისი უფლება დაცული იქნება.
ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უმცირესობის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის შესაბამისად პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს, იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს, დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება.
„ეს უფლება დეპუტატს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. როცა გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის ყოფილი წევრების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელს ვესაუბრე და მათ ეს კონკრეტული მუხლი და ნორმა კარგად აქვთ გააზრებული და მითხრეს, რომ აქ არ იქნება არანაირი გადამეტება უფლებამოსილების და პარლამენტის წევრს, რომელსაც არ სურს, ჩვენება მისცეს, რაც მის საპარლამენტო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული, ეს უფლება იქნება უზრუნველყოფილი და დაცული. გოკა გაბაშვილს ვეთანხმები, რომ პარლამენტის წევრი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების განხორციელებას, თუ მას არ ექნება ეს პრივილეგია და მისი როგორც პარლამენტის წევრის საქმიანობა, ამ ნორმით არ იქნება დაცული“, - დასძინა უსუფაშვილმა.