საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს უკანასკნელი 3 თვის მუშაობა შეაჯამა.
მან განვლილ პერიოდზე ჟურნალისტებს დეტალური ანგარიში ჩააბარა და 2013 წლის განსახორციელებელ სიახლეებზე ესაუბრა.
მარგველაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით მობილიზებულ იქნა 96 700 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სასწავლო გრანტი - ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსება გაიზარდა.
გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა პროგრამები, სადაც სწავლა უფასო იქნება.
მინისტრი განმარტავს, რომ მომავალი წლიდან დოქტორანტურის პროგრამების დაფინანსებაც იგეგმება.
„გაიზრდება სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში, როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ამისთვის ბიუჯეტში დამატებით 1,4 მილიონი ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტების 2012-2013 სასწავლი წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად კი 2,4 მილიონი ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო შრომის ანაზღაურების ზრდა, თვეში 70-80 ლარის ოდენობით.
ამასთან, იმ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ, სამინისტრომ სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებში 190 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე ტრანსპორტით იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მისმა უწყებამ ყურადღება მეცნიერებაზეც გაამახვილა და მისი ხელშეწყობის მიზნით მეცნიერების აღდგენისა და განვითარებისთვის 5 მილიონიანი ფონდი შექმნა, გაიზარდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება.
მარგველაშვილის თქმით, მომავალი წლიდან ასევე გაიზრდება სტუდენტების სტიპენდიები და განხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
2014 წლის დასაწყისში 150-დან 500 ლარამდე ანაზღაურების მქონე პედაგოგები კი 2013 წლის მეცამეტე ხელფასის სახით 360 ლარს მიიღებენ.