სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლის წინასწარ დაანონსებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ISAF -ის სარდლობა საკუთარ თავზე აიღებს.
„რა თქმა უნდა, ვიზიტის წინასწარ დაანონსება საფრთხის შემცველია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ის მექანიზმი ამუშავდება, როდესაც ISAF -ის სარდლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ხოლმე. ხდება წინასწარ მოლაპარაკება აქედან გამომდინარე, თავისთავად, ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარდება არა ქართული კონტიგენტის პატრონაჟით, არამედ ISAF -ის სარდლობით ხდება. ყველა ის მარშუტი და აქტივობა, რომელსაც პრეზიდენტი განახორცილებს, შეთანხმებული უნდა იყოს“, - განაცხადა თავდგირიძემ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, რისკები ISAF - ის სარდლობას საკუთარ თავზე აქვს აღებული.
„რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პირები ჩადიან ავღანეთში. ეს ტერორისტებისთვის გაცილებით უკეთესი სამიზნეა, აქედან გამომდინარე, საფრთხე მაღალია, მაგრამ რისკები საკუთარ თავზე აქვს აღებული ISAF - ის სარდლობას. ეს მისი და იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ამ ოპერაციის ირგვლივ დასავლეთი ატარებს“, - განაცხდა თავდგირიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს ავღანეთში იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება, რომლებიც ამ ქვეყანაში ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მსახურობენ.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია სოციალურ ქსელ „facebook“- ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა, სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე, მეორედ მოინახულებს.
პირველად, მიხეილ სააკაშვილი მათ 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა, რომლებთან ერთადაც იგი ჯავშანტექნიკით პატრულირებდა.