საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ მინისტრობის ორთვიანი პერიოდი შეაჯამა.
დარახველიძე ახალი ხელმძღვანელობის მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენების გარეშე, მოახერხა უკანონოდ შეჭრილი დევნილების დარწმუნება, რომ მათი ქმედება უკანონოა.
საუბარია ბაქოს ქუჩის N1-ში მცხოვრებ 44 ოჯახზე.
მათგან, 18 ოჯახი დაკმაყოფილდება იანვარში. დანარჩენები, რომლებიც, მინისტრის თქმით, გაფართოების მსურველები იყვნენ, საკუთარ საცხოვრებლებს დაუბრუნდებიან.
„იქ შესახლდა 26 ახალმოსახლე დევნილი, რომლებიც ნგრევადი ბამბის ნართის ობიექტიდან გადავიყვანეთ. გარდა ამ 26 ოჯახისა, განვასახლეთ 65 ოჯახი ქუთაისში, 3 ბათუმში, 1 აბაშაში და 1 - სენაკში“,- განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო მიჰყვება 2007 წელს შექმნილ სტრატეგიას.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დევნილთა 88 ათასი ოჯახი და 267 დევნილი ადამიანი ცხოვრობს.
საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია 25 ათასი ოჯახი და დარჩენილია - 65 ათასი. 2014 წლამდე გაწერილი პროექტით უნდა დაკმაყოფილდეს, კიდევ, 3 ათასი ოჯახი.
თბილისში, ამ დროისთვის 50-მდე შენობაა უკანონოდ დაკავებული, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან დევნილები.
სტიქიით დაზარალებული 17 ოჯახის მესტიიდან აღმოსავლეთ საქართველოში დასასახლებლად, დარახველიძის განცხადებით, 190 ათასი შვეიცარული ფრანკი დაიხარჯა.