„სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც მან დღეს For.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომისია, რომელიც სანდო რეპუტაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანებით დაკომპლექტდება, წინა ხელისუფლების ქმედებების შედეგად განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებას მისცემს.
მამუკა გიორგაძის განმარტებით, სახელმწიფო კომისიის მიერ მიცემული შეფასებების შემდეგ დასრულდება ის შემთხვევა, როცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „ჩაგრულის მანტიით“ აღარ ივლიან.
„გაჩნდა შესაძლებლობა დავიწყოთ ქართული სახელმწიფოს შენება, მაგრამ თუ ჩვენ წინა ხელისუფლების პოლიტიკა არ შევაფასეთ, ეს რეციდივები უახლოეს მომავალში კვლავ იჩენს თავს. გვინდა მოვუწოდოთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, დავიწყოთ სწორი გზით სვლა, რომელიც დაფუძნებული იქნება წინა ხელისუფლების პოლიტიკურ შეფასებაზე - რა იყო დადებითი, უარყოფითი, იყო თუ არა ეს ტირანია და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ისევ მსხვერპლად წარმოაჩენს“ - განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი ხელისუფლებაც დადგეს ცდუნების წინაშე და გადაწყვეტილებები ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მისივე სასარგებლოდ მიიღოს.
„ჩვენ თუ ვეთანხმებით იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაა, ე.ი. ის ტირანია არ ყოფილა. როცა შეფასებული იქნება მისი ქმედებები, ის აღარ უნდა განმეორდეს. გარდა ამისა, ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მომავალში მსგავსი ცდუნების წინაშე დადგეს. საქართველოში უნდა დავამყაროთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები“ - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.