ჩემს ოჯახზე მიმდინარეობს - ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, არ მეშინია და დამიჭირონ თუ მათი მიზანი ეს არის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, როლანდ ახალაიამ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში უწყება მოსულია და ის დღეს გაიგებს, თუ რა საკითხზე არის დაბარებული პროკურატურაში.
„გამოძიებასთან თანამშრომლობას ვაპირებ, მაგრამ სიუჟეტები გაკეთდა, თითქოს, გამოძალვასთან დაკავშირებით უნდა დამკითხონ. არჩილ კბილაშვილმა ჩემთან დაკავშირებით კორექტული განცხადება გააკეთა, მაგრამ ვითხოვ, რომ კითხვები საჯაროდ დამისვან, რადგან მე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ხალხმა ამირჩია და მათ უკანონობის შთაბეჭდილება არ უნდა დარჩეთ. მთელი ჩემი ცხოვრება კორუფციასა და უკანონობას ვებრძოდი. ჩემს ოჯახზე მიმდინარეობს ზეწოლა, ტერორი და პროვოცირება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ირაკლი ალასანიამ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შემომითვალა, რომ შედეგებზე უარი თქვი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერთო, მაგრამ არ მეშინია დამიჭირონ, თუ ეს არის მათი მიზანი, ვინც ამის უკან დგას“, - დასძინა ახალაიამ.