გუდაური-კობის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო, ზვავსაშიშროებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ ვახტანგაშვილის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია და ზვავსაშიშროების გამო, ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. მისივე ცნობით, დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის.
ამასთან, შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის.
გურამ ვახტანგაშვილის თქმით, გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.