სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინა სხდომაზე ოქრუაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაუქმებაზე უარი უთხრა. როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმეში არ არის გამოვლენილი ახალი გარემოებები, ასევე, დასაკითხი არიან მოწმეები და არსებობს საფრთხე, რომ მათზე ზეწოლა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის გაუქმება მიზანშეწონილი არ იქნება.
ამასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დაიკითხონ გიორგი ლოლუა და გიორგი ხოსრუაშვილი, რომლებიც 2005-2006 წლებში მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკურ დეპარტამენტში. ადვოკატების განცხადებით, მათ უშუალოდ ჰქონდათ შეხება ვაზნების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი რამდენიმე მუხლით ედება, მათ შორის ერთ-ერთი საქმე სამსახურებრივ გულგრილობას ეხება. კერძოდ, ბრალდების თანახმად, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეძენილი იყო დიდი რაოდენობით უხარისხო ვაზნები.