საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სამართლებლივი რეგულირება კანონმდებლობით მოხდება.
ამასთან დაკავშირებით, ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიზნები, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უფლებამოსილება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში, სტუდენტთა ჩარიცხვის წესი და ა.შ.
ცვლლებებით, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე კანონმდებლობით დადგენილი აკრედიტაციის წესები აღარ გავრცელდება.
კანონპროექტის მიხედვით, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის პროგრამაზე სტუდენთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის/საგნების შედეგების საფუძველზე, ხოლო საღვთისმეტყველპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
ამასთან, საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ენიჭებათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წარდგინებით განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.