ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ტელეკომპანიებთან დაკავშირებით სამართლებრივ პროცესებს ხელი არ შეუშალოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ეროსი კიწმარიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
კიწმარიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც გააკეთა არაერთი განცხადება, რომლებიც „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელთა ინტერესებს, ასევე „მაესტროსთან“ დაკავშირებულ პროცესებს შეეხებოდა და ყველა მათგანში, ეროსი კიწმარიშვილი უარყოფით კონტექსტში იყო ნახსენები.
კიწმარიშვილი განმარტავს, რომ რეალურად ის არის მხარე, რომელიც „გადააგდეს“, გააჩნია საკუთარი ინტერესები ორივე ტელევიზიასთან დაკავშირებით და აპირებს, რომ ეს ინტერესები სამართლებრივი გზით დაიცვას.
ამ ფონზე მას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით შესაძლოა, მოხდეს ზეწოლა იმ სამართლებრივ პროცესებზე, რომლებიც უშუალოდ მას უკავშირდება.
„ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებ, დააფიქსიროს ისეთი პოზიცია, რომელიც რეალურად სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლის სტატუსს შეეფერება და ზოგადად არ ჩაერიოს ტელეკომპანიებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის მაინც გააგრძელებს საუბარს „მაესტროსთან“ და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ჩავთვლი, რომ ის დაინტერესებული მხარეა“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.
ამასთან, კიწმარიშვილის თქმით, ის ინტერესით ელოდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი პროცესების დაწყებას, იმედს გამოთქვამს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში სასამართლო პროცესი ჯანსაღ გარემოში წარიმართება და მისი საკუთრების უფლება აღდგება.