საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი, ჯაბა სამუშია დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „დედაქალაქში რეგისტრირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს“, ახალ მთავრობასთან კონკურენციად აფასებს.
სამუშია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერიისგან მოსახლეობისთვის 100 ლარიან ვაუჩერის მიღება გამართლებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ საზოგადოება უკვე „ნაციონალებს“ აღარ ენდობა.
„გიგი უგულავას ნამდვილი სახე, ჩვენს მოსახლეობას შეუძლია, 2010 წლიდან მოყოლებული ნახოს. ყველაფერი გაძვირებულია. ხალხი ქვეყნის მთავრობას არჩევნების წინ კი არ უნდა ახსოვდეს, არამედ მანამდე უნდა ეზრუნათ მათზე. დღეს, ახალ მთავრობასთან შეჯიბრება მიდის. ძალიან კარგია, თუ ხალხი ამ ვაუჩერით რაიმე შეღავათს მიიღებს, მაგრამ საზოგადოება „ნაციონალებს“ უკვე აღარ ენდობა. „ნაციონალები“ ამ ყველაფერს საკუთარი ტყავის გადასარჩენად აკეთებენ“, - განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, 2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ, დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს.
მერის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული, 250-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
როგორც უგულავა აცხადებს, ასევე წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული.