შეწყალების კომისიამ 430 საქმიდან დადებითი რეკომენდაცია 131 პატიმარზე გასცა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქედან 118 პატიმარი საპყრობილეებს დატოვებს, 12-ს სასჯელი გაუნახევრდება, ერთ პატიმარს კი ერთი წელი მოეხსნება.
გარდა ამისა, ერთი პატიმრის საკითხი დარჩა ღია და კომისიამ სახალხო დამცველს სთხოვა, რომ ის ციხეში მოინახულოს. თევდორაძის თქმით, ამ პატიმარს არ აქვს სასჯელის ნახევარი მოხდილი, არის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული და, კომისიის ინფორმაციით, ის არის მძიმე ავადმყოფი. თევდორაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ იგი ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, შეწყალებულთა სიას დაემატება.
ამასთან, ელენე თევდორაძის ინფორმაციით, იმ პატიმრებს შორის, რომლებზეც დადებითი რეკომენდაცია გაიცა, არიან ნარკომომხმარებლები, პირველადი ქურდობისთვის მსჯავრდებულები და, ძირითადად, ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები. თუმცა, თევდორაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა მათგანს სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.
გარდა ამისა, მისი თქმით, პრეზიდენტის სახელზე საპატიმროებიდან გარკვეული რაოდენობის საქმეებზე შევიდა შუამდგომლობა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ამ საქმეების განხილვას ვეღარ ასწრებს, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებას და კომისიის გვერდის ავლით მიიღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ელენე თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ სიას კიდევ რამდენიმე პატიმრის გვარი დაემატოს.
ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისია ყველანაირად ეცდება, რომ შეწყალებულმა პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები 27 დეკემბერს დატოვონ.