როლანდ ახალიას პროკურატურაში დაკითხვაზე არმისვლის უფლება არ აქვს. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
„მე მაინტერესებს, როდესაც როლანდ ახალაია ოლქის პროკურორი იყო და დაკითხვაზე იბარებდა მოწმეებს, რომ არ მისულიყვნენ ისინი, რას მოიმოქმედებდა. როგორც წესი, ასეთი ცივილიზებული მეთოდებით არ იბარებდნენ მაშინ მოწმეებს. მიჰყავდათ ბორკილებდადებული, ზოგჯერ გაიტაცებდნენ სადღაც ტყეში და პროკურატურის ნაცვლად, სადღაც უღრან ადგილას ამოაყოფინებდნენ თავს. ასეთი ისტორიების თაობაზე კომიტეტში ისეთი საჩივრები შემოდის, ეს ადამიანები საშინელებათა ფილმის პერსონაჟები გეგონება“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უამრავი საჩივარი შედის და ბევრი მათგანი მთავარ პროკურატურას შესასწავლად უკვე გადაეგზავნა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საჩივრების გარკვეული ნაწილი როლანდ ახალიასაც ეხებოდა, რომელიც კბილაშვილის უწყებას უკვე გადაეგზავნა.
„ყველა რეკორდია მოხსნილია იმ საჩივრებზე, რაც კი ოდესმე იმ კომიტეტში შესულა, რომელის თავმჯდომარეც დღეს მე ვარ. წლის განმავლობაში კომიტეტში 1500 – 1700 განცხადება შედიოდა, ახლა კი თვენახევარში ჩემთან პირადად 3000-მდე განცხადება შემოვიდა. ეს წარმოუდგენელი ციფრია. ჩვენ უკვე დაახლოებით 1500 განცხადება შევისწავლეთ და დიდი ნაწილი პროკურატურას გადავუგზავნეთ, რადგან იქ საუბარია ძირითადად, ძალადობის ფაქტებზე. არის თემები ახალაიასთან დაკავშირებული, ბევრი განცხადებაა მასზე. მე არ ვიცი, კონკრეტულად, რომელზე იბარებენ ბატონ ახალაიას, მაგრამ ის დაკითხვაზე უნდა მივიდეს და საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ეს უნდა გააცნობიეროს“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძეც უნდა გამოცხადდეს, რადგან საპროცესო კოდექსი დისტანციურ რეჟიმში და საჯარო სივრცეში მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
„ძალიან კარგად მახსოვს პროკურატურაში და პოლიციაში არმისვლას რა მოჰყვებოდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგებოდა მაშინვე. დღეს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე საყვარელიძე პოლიციაში პირების დაბარებას უწოდებას „თრევას“. იმას რა ერქვა, რაც მართლა ხდებოდა, როცა ადამიანებს აწამებდნენ და საშინელ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ და განსაკუთრებით, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, თუ კითხვები არსებობს მის მიმართ, პასუხი უნდა გასცეს. ბატონ საყვარელიძეს ჰქონია ის პრაქტიკა, როდესაც საჯაროდ, ღია სივრცეში ხდებოდა დაკითხვები დისტანციური მეთოდით? თუ მათ უნდათ რომ ერთადერთი და საგამონაკლისო ექსკლუზიური უფლებით ისარგებლონ, არამგონია სწორი იყოს, როდესაც პარლამენტის წევრები ასეთ მოთხოვნებს აყენებენ. თურმე, მათ უნდა გაეგზავნოთ შეკითხვები პარლამენტში და იქიდან უპასუხონ. ასეთი პროცედურა არ არსებობს საპროცესო კოდექსში და არამგონია, პარლამენტმა ასეთი რამ ახალიასთვის ან საყვარელიძისთვის დაწეროს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ როდესაც პირი დაკითხვაზე არ მიდის, საქართველოს კანონმდებლობით, ის შეიძლება იძულების წესით მიიყვანონ.