სასჯელაღსრულების სამინისტრო საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ. ტუღუშის მიერ 2012 წლის 16 ოქტომბერით დათარიღებულ ბრძანებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განმარტავს, რომ #148 ბრძანების საფუძველზე ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს უფლებამოსილების ვადა 2013 წლის 1-ელ იანვარს ეწურება.
ბრძანება ხელმოწერილია გ. ტუღუშის მიერ, რაც ცალსახად გამორიცხავს ნებისმიერ სპეკულაციას ბრძანების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს სამინისტრო ზღუდავს ჟურნალისტების მონაწილეობას სასჯელაღსრულების ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის მონაწილეობაში, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით, 22-23 დეკემბერს, გაერო-ს განვითარების პროექტის მხარდაჭერით გუდაურში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა მოქმედი ადვოკატების მონიტორინგში მონაწილეობის შეზღუდვის საკითხიც.
ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრების ორგანიზებით სამინისტრომ გამოხატა კეთილი ნება და აღნიშნული საკითხის დარეგულირება სამოქალაქო სექტორს მიანდო" - აღნიშნულია განცხადებაში.