სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ სამინისტროს 2 თვიანი შედეგები შეაჯამა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები შეაჯამა.
მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები გლეხებისა და ფერმერების პრობლემების მოგვარებაზე მაქსიმალურადაა ორიეტირებული.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტით სოფლის მეურნეობის დაფინანსება 61.8%-ით გაზრდილია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აგრარული პოლიტიკის ახალი სტრატეგია გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულებისა და მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებს.
მან აღნიშნა, რომ საგაზაფხულო პროგრამის შემუშავების ფარგლებში დაწყებულია ქვეყნაში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის, მექანიზატორთა გადამზადების პროგრამები, სოფლის განვითარების ახალი ფონდის დაფუძნება და მის ფარგლებში რაიონებში 60 ახალი საწარმოს შექმნა; ირიგაციისა და დრენაჟის სისტემის რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება კოოპერაციის ხელშეწყობის, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში და გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულთა საგადასახადო შეღავათების, რუსეთის ბაზრის გახსნისა და რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმის მიმართულებით.
დავით კირვალიძემ მოკლედ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც დარგში დახვდა.
„ჩვენ შევიმუშავეთ დარგის განვითარების ახალი სტრატეგია. ახალმა ხელისუფლებამ პირველსავე დღეებში დაამტკიცა, რომ მისთვის სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია და არა მხოლოდ დეკლარირებული. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დარგის საბიუჯეტო დაფინანსება. გაცილებით სერიოზული დაფინანსება ჩაიდება სოფლის განვითარების ახალ ფონდში და ყველა დაგეგმილი პროექტი ორიენტირებული იქნება გლეხზე, ფერმერზე, მეწარმეზე, მათ გაძლიერებასა და დარგის გრძელვადიან განვითარებაზე“,- განაცხადა კირვალიძემ.