ბოლო დროის ქმედებებიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი წონასწორობიდან არის გამოსული და სჯობს, ის იმ უფლებებში იყოს, რა უფლებებიც მომავალ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ის საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბრიდან - ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა შევიდეს, მიმდინარე წლის დასაწყისში, მარტიდან უნდა ამოქმედდეს.
„ტაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში უმცირესობამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აირჩიეს, ერთ რამეზე მიუთითებს – მწყობრი ნაბიჯებით პოლიტიკური სამარისაკენ მიემართებიან. საკონსტიტუციო ნორმები, რომელიც ოქტომბერში უნდა ამუშავდეს, მათივე მოსაზრებით, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არის მოწონებული, არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, ის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადდა და რატომ არ შეიძლება, ამუშავდეს მარტში? ამ თემაზე, კონსულტაციები უმცირესობის წარმომადგენლებთანაც დაგვჭირდება და შეიძლება დავიწყოთ კიდეც ეს პროცესი“, - დასძინა მან.