საქართველოს მთავრობა მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ აპირებს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისის მერის გიგი უგულავას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას" ცხრა წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თუნდაც 3.5 თეთრით შეემცირებინა.
„ეს ძალიან მძიმედ აწევს მოსახლეობას. განსაკუთრებით კი თბილისში, რადგან სწორედ უგულავასა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიღებულია უსამართლო გადაწყვეტილება და ნაგავი დენზეა მიბმული. ჩვენ მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებთ. გავზრდით ხელფასებს, პენსიებს, შევამცირებთ ტარიფებს და ადამიანებს თავად ექნებათ საშუალება, გადაიხადონ არა მხოლოდ კომუნალური, არამედ სხვა ხარჯებიც" - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ 2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული, 250-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება. გიგი უგულავას განცხადებით, შესაბამისად, წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული.