ეროვნული უშიშროების საბჭო უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირებას მცდარად და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს.
აღნიშნულის შესახებ, ეროვნული უშიშროების საბჭო განცხადებას აქვეყნებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს მუქარის კამპანიას, კერძოდ კი, სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს. ამჯერად მათი სამიზნე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი აღმოჩნდნენ. 22 ნოემბერს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ოპონენტების დევნა მათ პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირა, რასაც უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გიგა ბოკერიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები კრიტიკული აზრის მიმართ შეუწყნარებლობას და სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით გამოყენებას ცხადჰყოფს. ამას თან დაერთო საერთაშორისო მედიაში უაღრესად კრიტიკული სტატიები ახალი მთავრობის საქმიანობაზე, რაც პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს აპარატს და მის მიერ, დაქირავებულ საკონსულტაციო კომპანიებს დაუკავშირა. უშიშროების საბჭოს მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, თუ რაოდენ აბსურდული და შემაშფოთებელია განცხადებები, თითქოს საკონსულტაციო კომპანიები ავტორიტეტულ საერთაშორისო მედიას აკონტროლებენ. თუმცა, ყველაზე მეტად თვალსაჩინო და საგანგაშო არის ის, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, პრემიერის და მისი გუნდის მხრიდან კრიტიკისადმი გაღიზიანებას მოჰყვა ჯერ ზოგადი მუქარა, შემდეგ კი პირდაპირი მითითება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლებიდან და სამართალდამცავი სტრუქტურების შემდგომი ნაბიჯებიდან ჩანს, ეს პოლიტიკურ ოპონენტებთან თუ კრიტიკულ მედიასთან ახალი მთავრობის ურთიერთობის მთავარი მეთოდია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოკერიას აპარატის შეფასებით, დღეს ივანიშვილის მიერ, გამართულ პრეს-კონფერენციაზე ასევე გაისმა აბსურდული განცხადება უშიშროების საბჭოს აპარატის ბიუჯეტიდან ნაღდი ფულის გატანასთან დაკავშირებით, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენს.
„უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული და 2013 წელს დაგეგმილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს დეტალურად მიეწოდა. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა უშიშროების საბჭოს აპარატის წერილობით შეთავაზება, 2013 წლის ბიუჯეტის განხილვის მიზნით შეხვედრის გამართვისა და მისი დეტალური განხილვის თაობაზე. აპარატის წერილში აღწერილი იყო ყველა ის პროექტი, რომლის დაფინანსებასაც 2013 წელს მიზანშეწონილად მივიჩნევდით. უშიშროების საბჭოს აპარატს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არც წერილობითი, არც ზეპირი პასუხი არ მიუღია და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით შევიტყვეთ, რომ ახალი მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით წარდგენილი პროექტების დაფინანსებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გასულ წლებში, ისევე როგორც 2013 წელს მოთხოვნილი თანხები უკავშირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მთელი მსოფლიოს, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნების, მასშტაბით და დეოკუპაციისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, ეთნიკური წმენდის აღიარების საკითხებს, კრიზისების მართვის სისტემის რეფორმირებას, საგარეო-პოლიტიკურ ანალიზს და ამ მიზნებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
უწყების შეფასებით, სამწუხაროა, რომ ახალმა მთავრობამ 2012 წლის ბიუჯეტში ეს მიმართულებები ქვეყნისათვის პრიორიტეტულად არ მიიჩნია.
„აღნიშნულ გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭო აპარატი მცდარად და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების კომპეტენციას წარმოადგენს“,- აცხადებენ ბოკერიას უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას მოუწოდებს, პროკურატურას დაასწროს, გამოვიდეს და განმარტოს, რაში სჭირდებოდა უშიშროების საბჭოს ამდენი თანხა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.