"ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნი ვანო მერაბიშვილი მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მერაბიშვილმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ დენის ტარიფზე მოჩვენებითი შეღავათი საქართველოს ენერგეტიკისა და მომავლის ხარჯზე ხორციელდება.
„ორთვიანი გათვლების შემდეგ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის აპირებს დენის ტარიფის შემცირებას პირველი და მეორე კატეგორიის მომხმარებლისთვის - 3.54 თეთრით. მე ელემენტარული გათვლები გავაკეთე. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40%, ანუ 500 000 ოჯახი დღეს არის პირველ კატეგორიაში, ანუ ხარჯავს 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას და შესაბამის ანაზღაურებას იხდის. თვეში ასეთი ოჯახისთვის ახალი მთავრობის რეფორმით გაკეთდება ეკონომია 3 ლარი და 54 თეთრი. 500 000 ოჯახი მიიღებს ეკონომიას თვეში 3 ლარსა და 54 თეთრს. მე მგონი, ეს ქართველი ამომრჩევლის მოტყუებაა. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, ასეთი მოლოდინი არ ჰქონდა. ამავე დროს, ცნობისთვის, ჩვენმა მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც სხვა შეღავათებთან ერთად, როგორიც იყო სოფლის პროგრამა და საყოველთაო დაზღვევა, თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას ითვალისწინებდა და პრაქტიკულად, დეკემბერში ეს ვაუჩერი ყველა ოჯახს ექნებოდა. თუ ამ ვაუჩერს თითო თვეზე გადავთვლიდით, თითო ოჯახი შეღავათს - 23 ლარს მიიღებდა. მინდა, ყველამ შევადაროთ ციფრები - 23 ლარი და 3,54 ლარი. გარდა ამისა, ეს შემცირებული თანხა არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში, თუ ბიძინა ივანიშვილი ამ თანხის გადახდას საკუთარი ჯიბიდან არ აპირებს. ეს მოჩვენებითი შეღავათი ხორციელდება, საქართველოს ენერგეტიკისა და ჩვენი მომავლის ხარჯზე“,- განაცხადა მერაბიშვილმა.