პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.
როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება თითქოს უფრო მშვიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის ფორმატი, რომელიც მას ხალხმა არგუნა, მოულოდნელი აღმოჩნდა.
„მოწმენი ვართ, რომ მხოლოდ 2 თვე ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთმინების მარგი. ისინი გახდნენ ისეთივე აგრესიულები, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. პირველივე შეხვედრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან გვარწმუნებს, რომ არანაირი სურვილი თანაარსებობის „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი ხელისუფლების მიმართ არ გააჩნდა და სამწუხაროდ, ცინიზმით და უზრდელობით გამოირჩეოდა არასაპარლამენტო ფორმატშიც. ამან უკვე დაღი დაამჩნია მოვლენების შემდგომ განვითარებასაც. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ ძალიან მომხიბვლელი იყო შემდეგ ის მშვიდი, აკადემიური ტონი, რომელიც მოულოდნელად დაიმკვიდრა საკუთარი თავისთვის ბატონმა პრეზიდენტმა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულდა და ჩვენ რეალურად ვხედავათ პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს, რომელზეც უკვე ღიად ალაპარაკდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის ზედმეტად არხეინად შეჰყურებას ამას „ქართული ოცნება“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა სავსეა მინიშნებებით, რაც მეტყველებს ამ პოლიტიკური ძალის მისწრაფებაზე - სწრაფად დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
„უნდა გავიაზროთ ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით და ვთქვათ, რომ პოზიცია, რომელიც დღეს ყალიბდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიგვანიშნებს სწორედ იმაზე, რომ არავინ საუბრობს 2016 წლის არჩევნებზე. ეს პოლიტიკური ძალა სულსწრაფია და სურს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამას სრულიად მკაფიოდ აცხადებს და მხარდასაჭერად ახალ სახეებს იკრეფს. მათი რიტორიკა იგივე მინიშნებებით არის სავსე, მაგრამ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში ვინმეს წასვლის, მოსვლის ან დაბრუნების მთავარი კომპონენტი მივიწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაში. ეს გახლავთ მოსახლეობა, რომელმაც სულ 2 – 3 თვის წინ დაადასტურა საკუთარი ნება და მისი რადიკალური ცვლილება უფრო ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს“ - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზეც საუბრობს. მისი თქმით, გარკვეული ბერკეტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია და ამიტომ ხელისუფლებამ საზოგადოება კონკრეტული და სწორი ნაბიჯები უნდა შესთავაზოს.
„ინსტიტუციურად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური საფრთხის რეალობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ძირითადად, ოცნებით დაკავდება და არა კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზებით. ამასთან, პოლიტიკური საფრთხის საფუძველი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტმა საკუთარი თავი გამოაცხადა ოპოზიციონერად, შესაბამისად, უშიშროების საბჭოც, რომლის ხელმძღვანელიც ასევე ოპოზიციონერია, ასეთ საბჭოს აქცევენ საშიშროების საბჭოდ. ისევე, როგორც იმავე გავლენების ქვეშ დარჩენილი სასამართლო სისტემა, ეროვნული ბანკის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაწილი და სატელევიზიო სივრცის წარჩინებული მონაწილენი - საზოგადოებრივი მაუწყებელი და „რუსთავი2“. შესაძლებელია სადმე გადამალული ზონდერებიც არსებობდნენ ნაციონალური ოცნებების განსახორციელებლად. მაგრამ ქართული საზოგადოების ძირითადი მოთხოვნა არის მშვიდობიანი თანაარსებობა და მშვიდი წინსვლა უკეთესი მომავლისათვის“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.