თბილისის საქალაქო სასამართლო სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მასმედიის საშუალებებით - პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო სამსახურს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის უფლება მიენიჭა. დასახელდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლენიც, რომელთა მიერ გაცემული ბრძანებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურს თითქოსდა ნება დაერთო ეწარმოებინა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სხვადასხვა მოქალაქეებთან ერთად, ასევე, ნიკა გვარამიას და ივანე მერაბიშვილის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებებით მოსამართლეებმა ვ. ფუხაშვილმა და ტ. ტაბატაძემ დააკმაყოფილეს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობები სხვა - კონკრეტული პირების მიმართ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე ნებართვის გაცემის შესახებ, არც პროკურატურის შუამდგომლობებში და არც დასახელებული მოსამართლეების მიერ გაცემულ ბრძანებებში არ ყოფილან მოხსენიებულნი ბატონები ნ. გვარამია და ი. მერაბიშვილი"- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული საიდუმლო დოკუმენტაციის - ბრძანებების მოქმედების ვადა დღეის მდგომარეობით არ არის ამოწურული, ანუ ორივე ბრძანება ამჟამადაც ძალაშია და მათი ვადამდელი გასაჯაროება, ისევე, როგორც ბრძანების გამცემ მოსამართლეთა ვინაობის დასახელება არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს.
„ეს ასევე არღვევს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია და ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით მკაცრად განსაზღვრულ პირებს, შესაბამისად, მათი ვადამდელი გასაჯაროება ხელყოფს ამავე კანონით დაცულ ინტერესებს" - აღნიშნულია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო სამსახურს ფარული სატელეფონო საუბრის მოსმენა-ჩაწერების უფლება მიენიჭა. მათი ცნობით, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს სასამართლოს, კერძოდ, მოსამართლე ვ. ფუხაშვილის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს პროკურორ ლ. მარშავას შუამდგომლობის საფუძველზე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის უფლება შპს „ელენდეფ-სერვისის" დირექტორის, გიორგი ნემსიწვერიძის ცრუმეწარმეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიენიჭა. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული უფლებით სარგებლობა საგამოძიებო სამსახურს 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 10 იანვრამდე შეუძლია.
საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ფარული მოსმენა-ჩაწერის უფლება უწყებამ კახა დამენიას ტელეფონის ნომერზეც მოიპოვა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტ. ტაბატაძის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა პროკურორ ლ. ფანჩულიძის შუამდგომლობა და საგამოძიებო სამსახურს კახა დამენიას ტელეფონის მოსმენის უფლება მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 12 იანვრამდე მიენიჭა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ფანჩულიძემ ნემსიწვერიძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად დააყენა.