„ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამ დღეებში მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
„ეს არ არის პოლიტიკური ბოიკოტი. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკური კონსულტაციების რეჟიმში ყოფნას, უბრალოდ ამ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ასეთი მოვლენები ხდება და „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს აპატიმრებენ, ბუნებრივია, გეგმიურ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა ჩვენი მხრიდან არაადეკვატური იქნებოდა. ამიტომ გეგმიურ საპარლამენტო მუშაობაზე ჩვენ დროებით თავს შევიკავებთ, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ბოიკოტი. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური მუშაობის რეჟიმში და პარლამენტთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამ დღეებში მივიღებთ" - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" გაქრობას არ აპირებს და „იქ იდგება, სადაც სინდისი უკარნახებს“.