საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სტუმრობისას, პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ქართველ ხალხს შერჩა უნარი, თეთრი და შავი გაარჩიოს.
მისი თქმით, ყველამ იცის, როგორია რეალობა და სააკაშვილის საუბრით არაფერი შეიცვლება.
„ეს კაცი აგრძელებს საუბარს. ვის ესაუბრება, მაღლა მაინც იყუროს, იქნებ ვინმემ მოუსმინოს. სააკაშვილმა პასუხი აგოს, რატომ აქვს 7 რეზიდენცია, 80 მილიონი ვერტმფრენებში რატომ გადაიხადა, ჯარი რომ დატვირთეს თვითმფრინავებით, აგარაკების მშენებლობით ვის მიბაძა, ამაზე აგოს პასუხი. ჩვენზე მოიყვანოს მაგალითები და სიამოვნებით მივიღებთ კრიტიკას, თუკი რამე გვეშლება. შეუცდომელი არავინ არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნება“ მნგრეველთა ბრიგადას შეადარა.
„გუშინ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ძალიან მასშტაბური ნგრევის პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ერთადერთი მაგალითი არსებობს ავღანეთში თალიბანების მიერ განხორციელებული. მე არა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაინგრეს. უნდა დაინგრეს არა მხოლოდ, როგორც ორგანიზაცია, არამედ როგორც მომავალი, თქვა მთავრობის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა მინისტრმა. ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას. არჩევნების წინ ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მნგრეველთა დიდი ბრიგადა და სასაცილოდ არ ყოფნიდათ ძალიან ბევრს, რომ აი, სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, აზვიადებს. სამწუხაროდ, ისინი ამ დაპირებას ასრულებენ ყოველ შემთავევაში გვპირდებიან, რომ შეასრულებენ“,- განაცხადა სააკაშვილმა.