ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექარიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული გივი ჩხიკვაძე გადასცა.
გივი ჩხიკვაძის განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და დაკითხვასაც ისინი აწარმოებდნენ.
ჩხიკვაძეს ოსური და რუსული მხარეები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებდნენ ბრალს.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის გიორგი დვალიშვილის განცხადებით, ინტენსიური მოლაპარაკებები შედეგიანი აღმოჩნდა და გივი ჩხიკვაძის გათავისუფლება მოხერხდა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ და ოსურ მხარეებთან იმ სხვა დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან.
არსებული ინფორმაციით ცხინვალის საპატიმროში ათამდე ქართველი რჩება და მათ უმრავლესობას ოსური და რუსული მხარე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.
რაც შეეხება ერგნეთის შეხვედრას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ქართული მხარე 2 დეკემბერს სოფელ კოდაში მომხდარ ინციდენტის გამოძიების საკითხის დაყენებას აპირებს.
გარდა ამისა, საუბარი იქნება დაახლოებით ორი თვის წინ სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებებზეც.
ოსურ მხარეს დღეს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხების ინიცირებას გეგმავს შეხვედრაზე. თუმცა ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი დღეს იმ ოსი ეროვნების პატიმრების გათავისუფლების საკითხს დააყენებს, რომლებიც დღემდე რჩებიან საქართველოს ციხეებში.
ესენი დუდაევი, ვალიევი, ზასეევი და კოჩიევი არიან.