Agence France-Presse–ის ინფორმაციით,ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მიერ ნოემბრის ბოლოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშნულმა თალგათ იბრაჰიმმა თანამდებობა დატოვა. სააგენტოს ინფორმაციით, იბრაჰიმმა ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლის შედეგად მიიღო.
ნოემბრის ბოლოს ეგვიპტის პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა,რომლის თანახმადაც პრეზიდენტს უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება.
ამ ცვლილებამ ქვეყანაში დიდი მღელვარება გამოიწვია. „ახალ ფარაონს“, როგორც მას ეგვიპტელებმა უწოდეს, საკონსტიტუციო სასამართლო განუდგა, რომელმაც უარი განაცხადა, ხელი მოეწერა პრეზიდენტის მიერ მიღებულ ახალ კანონზე. ასი ათასობით ეგვიპტელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეა აპროტესტებს.
პრეზიდენტ მურსის მხარდაჭერას უცხადებს „ძმები მუსლიმების“ პარტია, რომელმაც ის ქვეყნის პრეზიდენტად დაასახელა.