საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში და მსოფლიო ბანკში.
კირვალიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა სერვისცენტრების ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც მოემსახურებიან ფერმერთა ასოციაციებს, კოოპერატივებს და მეწარმეებს. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებულ ხედვას და აქტიურად ჩაერთვება აგრარულ სფეროში დაგეგმილ პროექტებში. ამ პროექტებში ამერიკული მხარე, დავით კირვალიძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს.
“ამერიკული მხარიდან ინტერესი იყო ძალიან დიდი. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება სტრატეგიულ პარტნიორად სოფლის მეურნეობის დარგში, ძირითად დონორად და მხარდამჭერად. ჩვენი მესიჯი იყო ის, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ყოველგვარი წინაპირობის შექმნას ინვესტორებისთვის, რათა მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით"- განაცხადა კირვალიძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრები ჰქონდა მსოფლიო ბანკშიც, განიხილეს სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების პროექტის მომზადების პროცესი და განხორციელების სქემა. მინისტრის ცნობით, ისაუბრეს საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მნიშვნელობისა და წყლის მომხმარებელთა რეგიონალური ასოციაციების შექმნის საკითხი.
დავით კირვალიძის ინფორმაციით, საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის მსოფლიო ბანკი 30-50-მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
დავით კირვალიძე ამერიკაში სამუშაო ვიზიტით 11-15 დეკემბერს იმყოფებოდა.