გთავაზობთ „რუსთვის მედიის მართვის კომპანიის“ ადვოკატის, გოჩა სვანიძის განცხადებას, რომელიც მან დღეს გაავრცელა.
ტელეკომპანია „მაესტროთან“ უკვე წელიწადზე მეტია სამართლებრივი დავა მიმდინარეობს მართვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მმართველი კომპანიისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“ სარჩელით.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთერთი დამფუძნებლის - მამუკა ღლონტისა და მათი ადვოკატის, რბილად რომ ვთქვათ, სამართლებრივად არც თუ ისე კორექტული განცხადება სასამართლოში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევის თაობაზე.
რამდენადაც განცხადება კეთდება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, არა მხოლოდ როგორც მმართველი კომპანიის ადვოკატი, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი იურისტი, მოვალე გახლავართ განვაცხადო, რომ სასამართლოს წესით დავის გადაწყვეტამდე ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება - (გავრცელება) არაკორექტულია. იმის გათვალისწინებით, რომ განცხადების სამართლებრივი დასაბუთებულობის გადამოწმება საზოგადოების მხრიდან თითქმის შეუძლებელია, გვრჩება ეჭვი იმისა, რომ ეს განცხადება, კარსმომდგარი სასამართლო განხილვებისთვის ერთგვარი პრევენციული მიზნებისკენ არის მიმართული. კერძოდ, თუ სასამართლო შეეცდება საზოგადოების თვალში გამართლდეს, მან შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ერთგვარი სიმპათია უნდა გამოიჩინოს; წინმააღმდეგ შემთხვევაში კი მმართველი კომპანიის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას (რაც ობიექტურად გარდაუვალია), განცხადების ავტორებს საშუალება ეძლვათ უფრო მაღალ ნოტაზე განაცხადონ პრეტენზიები მართლმსაჯულების მიმართ.
როგორც კონკრეტული საქმის, ისევე ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტია და ამდენად პრიორიტეტული. რამდენადაც მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ დეკლარირებულად სწორედ ამ საქმესა და მიზანს ემსახურება, მისი დამფუძნებლებისათვის უეჭველი უნდა იყოს ის, რომ სამართლებრივი ფორმატის პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება შესაძლოა ჩაითვალოს სასამართლოზე ინფორმაციულ ზეწოლად.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ სახელით მზად ვარ გავცე პასუხები დაინტერესებულ პირთა შეკითხრებს, რომლებიც უკავშირდება პრობლემის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.