პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებს საბიუჯეტო პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააცნო.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 8 158,0 მლნ ლარით განისაზღვრება, დამტკიცებულ მოცულობაზე 84,0 მლნ ლარით ნაკლებია.
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 26,0 მლნ ლარით გაიზარდა და 1 623,0 მლნ ლარით განისაზღვრა. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 56,0 მლნ ლარით შემცირდა და 844,0 მლნ ლარით განისაზღვრა. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 56,0 მლნ ლარით გაიზრდება და 3 070,0 მლნ ლარით განისაზღვრა. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 644,0 მლნ ლარით განისაზღვრა. იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 10,0 მლნ ლარით მცირდება და 90,0 მლნ ლარით განისაზღვრება. სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 16,0 მლნ ლარით მცირდება და 29,0 მლნ ლარით განისაზღვრება. 15,3 მლნ ლარით შემცირდა გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები და 318,3 მლნ ლარით განისაზღვრა.
პროექტით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან დამატებით 50,0 მლნ ლარი გამოიყოფა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისთვის გათვალისწინებული 50,0 მლნ ლარის გარდა, დამტკიცებული პროექტის თანახმად, 3,6 მლნ ლარი სამელიორაციო სისტემების გამწმენდი ტექნიკის შესასყიდად მიიმართება.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებში 7,4 მლნ ლარი აისახა. 17 მილიონი ლარით კი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება იზრდება.
ამას გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართულებით 2,3 მლნ ლარით, შიდა გადანაწილების ხარჯზე, სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები იზრდება, რომელიც გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტთა 2012 სასწავლო წლის უმაღლეს დაწესებულებებში სწავლის საფასურის დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
2013 წლამდე დარჩენილ დროში ჯანდაცვის სამინისტროსკენ, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამაში არსებული დეფიციტის დასაფარავად 12,5 მლნ ლარი მიიმართება.
2013 წლამდე დარჩენილ დროში დაფინანსება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც ეზრდება. 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, დამატებით 2,6 მლნ ლარი ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიიმართება. 0,2 მლნ ლარით პატიმართა მკურნალობის ხარჯები იზრდება. ამასთან, დამატებით 0,3 მლნ ლარი სამინისტროს აპარატის საშტატო რიცხოვნობის ზრდასა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ხელფასების მოწესრიგებაზე მიიმართება.
2,5 მილიონი ლარით იზრდება მთავრობის კანცელარიის დაფინანსება. თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის კი 2,0 მლნ ლარი მიიმართება. 2012 წლის ბოლომდე დარჩენილ დროში კი, თავდაცვის სამინისტრო დამატებით 52 მილიონ ლარს მიიღებს.
ამასთან, 2012 წლის ბოლომდე დარჩენილ დროში რიგ სახელმწიფო უწყებებს საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდება. 4,4 მლნ ლარით მცირდება იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები. 3,7 მლნ ლარი უშიშროების საბჭოს აპარატს აკლდება. 1,6 მლნ ლარით რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ასიგნებები მცირდება, ხოლო 0,7 მლნ ლარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებებს აკლდება. 65,6 მლნ ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვისთვის განკუთვნილი ასიგნებები. მათ შორის 44,6 მლნ ლარით მცირდება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო 21,0 მლნ ლარით - საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტში ასევე ასახულია წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ასიგნებების შემცირება 14,0 მლნ ლარით, საიდანაც 10,0 მლნ ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მიიმართა, ხოლო 4,0 მლნ ლარი - მთავრობის სარეზერვო ფონდში.