ადამიანის უფლებების დამცველის და ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრის გიორგი თევზაძის განცხადებით, ბათუმში მოქმედმა ადვოკატებმა მხარდაჭერისთვის მიმართეს,ისინი უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ ზოგიერთ საკვანძო თანამდებობაზე ძველი ჩინოვნიკების დანიშვნას, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ წინა ხელისუფლების უკანონო დავალებებს.
„პროტესტის მიზნით შევიკრიბეთ და რამდენიმე დღეა ვაპროტესტებთ აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად ავთანდილ კილაძის სავარაუდო დანიშვნას, ჩვენი აზრით, წარმოუდგენელია ზვიად ფხაკაძის შემცვლელი იყოს ავთანდილ კილაძე. თუ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური დევნილები, თუ ქვეყანაში გვყავს უკანონო პატიმრები და ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაზე აქვს პრეტენზია, არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
ავთანდილ კილაძე, რომელიც ადეიშვილის კურსელი და ახლო მეგობარი გახლდათ, ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას წლების განმავლობაში. ის ბათუმის პროკურორად 7 წელი მუშაობდა.
ავთანდილ კილაძის დაბრუნება ისევ ბათუმის პროკურატურაში, საზოგადოების მხრიდან გამოიწვევს პროკურატურისადმი დიდ უნდობლობას და ასევე ბევრი ადვოკატი კვლავ დაიბლოკება“,-ნათქვამია ბათუმუმელი ადვოკატების მიერ გამოგზავნილ წერილში.
ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრის, გიორგი თევზაძის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მოუსმინოს ადვოკატების პოზიციას, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების დევნა და მიმართავს ხელისუფლებას და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურების პირველ პირებს, გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი-ნებისმიერი პიროვნების დანიშვნა ამა თუ იმ თანამდებობაზე, უნდა ხდებოდეს მისი უმწიკვლო წარსულის გათვალისწინებით, საქმის პროფესიონალიზმით და არა სხვა ”კრიტერიუმებით”.