პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო კომისია შექმნა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო კომისია შექმნა

პარლამენტმა 20 წევრისგან შემდგარი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დაამტკიცა.

დადგენილების მიხედვით, კომისიას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში უმრავლესობიდან შევლენ  - ზვიად ძიძიგური, ზაქარია ქუცნაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირინე იმერლიშვილი, დავით ონოფრიშვილი, ხოლო, საპარლამენტო უმცირესობიდან - გიორგი თევდორაძე, ირმა ნადირაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ტარიელ ლონდარიძე, კახა ბუცხრიკიძე და დავით ჭავჭანიძე.

ამასთან, კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება უმცირესობის გარეთ მყოფ ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტარებს“, რომლის სახელითაც კომისიის შემადგენლობაში გოგი ლიპარტელიანი იმუშავებს. კომისიაში ასევე შევიდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, კომისიაში იმუშავებენ  ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ასევე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“  ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი კვერენჩხილაძე და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ნანა ჭიღლაძე.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან ამოდის.

კომისია კონსტიტუციითვე დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო პროექტების განხილვა პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარული სხდომების ფორმატში გაგრძელდება.