"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს იმ მძიმე დანაშაულის გამო, რომელიც მან ჩაიდინა.
ბაღათურიას თქმით, პროკურატურაში უკვე თვენახევარია გადაგზავნილია პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე, რომელიც, სააკაშვილისა და მისი ოჯახის კორუფციულ საქმიანობას ეხება.
მან ასევე გაამხილა ახალი ინფორმაცია და აღნიშნა რომ ამ დღეებში შედგება პროკურატურაში შეხვედრა, რათა უფრო მალე მოხდეს ამ საქმის გამოძიების დაწყება.
"ეს საქმე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი. საგამოძიებო ჯგუფიც მუშაობს ამ საქმის გამოძიებაზე ანუ პროკურატურა დაინტერესებულია, რომ ეს საქმე მალე იქნეს გამოძიებული და ამ კვირაში მოხდება ჩემი შეხვედრა, რათა უფრო სწრაფად წავიდეს საქმე წინ", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ მასალები ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ოჯახის მონაწილეობას ელიტურ კორუფციაში, ასევე მის უკანონო ქონებას.
პრეზიდენტის ქონება, მისი ის ნაწილი, რომელიც საქართველოში სახელმწიფო საჯარო რეესტრში აქვს დარეგისტრირებული რამდენჯერმე აღემატება იმ თანხებს, რაც მას შემოსავლები ჰქონდა, ანუ მისი შემოსავლებით შეუძლებელი იყო დეკლარირებული ქონების შესყიდვა. ციფრობრივად მისი შემოსავალი სულ იყო 630 000 ლარი, დღემდე ანგარიშზე აქვს 240 000 ლარი ანუ გამოდის, რომ 200 000 ლარად მას შესყიდული აქვს დაახლოებით მილიონ ნახევრის ქონება’ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მეორე საკითხი, რომელზეც პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს ბაღათურია ეს არის პრეზიდენტის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მათ შორის არის ისეთი ფრაგმენტები რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის ბრძანებულებით გადადიოდა მისი ოჯახის წევრთა საკუთრებაში.
‘მასალა სავსებით საკმარისია, რათა აღიძრას საქმე პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.’ - დასძინა ჯონდი ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული დასის" ლიდერმა პროკურატურას 2 ნოემბერს გადაუგზავნა დოკუმენტური მასალები, მტკიცებულებები, სადაც, ბაღათურიას მტკიცებით, პირდაპირ ჩანს პრეზიდენტის მონაწილეობა სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებში და სხვა მუხლებში, მათ შორის კორუფციაში, სახელმწიფო ქონების მიტაცებაში, უკანონო შემოსავლებში.