საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, რომელიც ახლახან შეიცვალა საქართველოში, ისევე როგორც ეს ხდება ევროპის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, ვერაფერი აღუდგება წინ ჩემი ერის ევროპულ ენთუზიაზმს, მის სურვილსა და სწრაფვას შეუერთდეს ევროპას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში, თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვიცი, რომ კრიზისი ევროპის მოსახლეობას გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს; ვიცი, რომ ევროკავშირი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი; ვიცი, რომ გარკვეული ეჭვები ჩნდება აქ, ისევე როგორც მთელ კონტინენტზე. მაგრამ მე აქ ჩამოვედი როგორც იმედისა და რწმენის მატარებელი: ევროპა ეს არის ჩვენი, ყველას მომავალი. მე მსურს მოგიწვიოთ საქართველოში, რათა ნახოთ ჩვენი ქვეყანა და დარწმუნდეთ, თუ რაოდენ დიდია ევროპის იდეალი დღეს, როგორც არასდროს, როგორ აერთიანებს ევროპის პროექტი იმ ხალხთა ოცნებებსა და ენერგიას, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის გარშემო. დღეს ვერ ვხედავ მსოფლიოში ვერც ერთ სხვა პროექტს, რომელსაც ასეთი მიზიდულობის ძალა ექნებოდა და დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტი არც ხვალინდელ მსოფლიოში არ იქნება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მისიონერების დროიდან მოყოლებული, საფრანგეთი საქართველოს დიდი მოძმე ქვეყანაა.
სააკაშვილის თქმით, საფრანგეთმა ეს უახლოეს წარსულშიც, კერძოდ, 2008 წელს დაამტკიცა, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ დადგა რუსული ტანკების შესვლისთანავე.
„საფრანგეთი ამას ყოველდღიურად გვიმტკიცებს, როდესაც მხარს უჭერს საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საფრანგეთში არ არსებობს ჩვენთვის უფრო სიმბოლური და გულთბილი ადგილი ვიდრე სტრასბურგია. ეს არის ქალაქი, რომელმაც უამრავი სისხლისმღვრელი ბრძოლა გადაიტანა, ვიდრე ჩვენი კონტინენტის მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო გახდებოდა. თითოეული ევროპელი სტრასბურგს გარკვეულწილად საკუთარ დედაქალაქად აღიქვამს და ჩვენც, როგორც ევროპული სახელმწიფო, სტრასბურგში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.