„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფინანსურ შემოწმებას მოითხოვენ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლებმა დღეს, for.ge - ის პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს და სასწრაფოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლის, ვალერი ტეტუნაშვილის განცხადებით, სასწრაფოში არსებული პრობლემები ძირითადად, ფინანსურ საკითხებს ეხება.
„თბილისელები უკვე საუბრობენ, რომ სასწრაფო მომსახურეობა არაეფექტურია. ამასვე ადასტურებს მედ პერსონალი, რომლებიც ღიად საუბრობენ სამსახურში არსებულ ხარვეზებზე რის გამოც, ხშირად პაციენტებს სათანადო დახმარებას ვერ უწევენ.
აღნიშნული პრობლემები ძირითადად ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. მიმდინარე წელს, თბილისის სასწრაფო დახმარების ბიუჯეტი არ შემცირებულა, მაგრამ ამის მიუხედავად, მუშაობის პირობები მკვეთრად გაუარესდა. სასწრაფოს არ გააჩნია მანქანების საჭირო რაოდენობა. ამასთან ექიმები საუბრობენ, რომ მათ ერთ გამოძახებაზე დაწესებული აქვთ ერთ საათიანი ლიმიტი და მეორე გამოძახების შემთხვევაში, აიძულებენ, პაციენტი დატოვონ და შემდეგ გამოძახებაზე წავიდნენ. შესაბამისად, „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფინანსურ შემოწმებას მოითხოვენ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ“, - განაცხადა „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ვალერი ტეტუნაშვილმა.
მისივე თქმით, მათი ორგანიზაცია შესაბამისი განცხადებით მიმართავს აღნიშნულ უწყებას, რათა დროულად დაინტერესდნენ სასწრაფო დახმარების ფინანსების ხარჯების მიზნობრიობით და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
„მივმართავთ ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის საკრებულოს, რათა მოხდეს საკითხის სირღმისეული შესწავლა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც სასწრაფო დახმარების მუშაობას ეფექტურს გახდის. აქვე გვინდა კატეგორიულად გავაფრთხილოთ სასწრაფო დახმარების ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი, შეწყვიტონ იმ თანამშრომლებზე ზეწოლა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ცენტრში არსებულ პრობლემებსა და დარღვევებზე ინტერესდებიან და აპროტესტებენ“, - განაცხადა ტეტუნაშვილმა.