მოსახლეობის დიდი ნაწილი კონფორმისტულად არის განწყობილი და ავტომატურად ხელისუფლების მომხრე ხდება. ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლევის შედეგები უცნაურია, თუმცა NDI-ის არჩევნებამდეც ენდობოდა და ახლაც ენდობა.
„საფუძველი არ მაქვს არ ვენდო, რადგან ვიცი, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევებს პროფესიონალები აკეთებენ. რაც შეეხება შედეგებს, ის უცნაურია, ვინაიდან არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს მიუთითებს საზოგადოების ბუნებაზე, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს მყარი პოლიტიკური პოზიცია, სიმპათიები და ანტიპათიები. ამასთან, ეს შედეგები აიხსნება არჩევნებიდან გამომდინარე ემოციური ეიფორიით, რომელიც ჯერჯერობით მოქმედებს“ – განაცხადა გია ნოდიამ.
მისივე თქმით, კვლევებიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" ძირითად ოპოზიციურ ძალად რჩება.
„არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც ავტომატურად ხელისუფლების მომხრეა, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა არსებული ხელისუფლება. ისინი არიან ე.წ. კონფორმისტები, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია - 20-30%. მეორეს მხრივ, „ქართული ოცნების" დიდ უპირატესობას განაპირობებს ახალი ხელისუფლების ფაქტორი. ხელისუფლებაში ახლადმოსულ ძალას ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ეს ასე იყო „ვარდების რევოლუციის" დროსაც და უფრო ადრეც, შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც. ახალ მთავრობას ყოველთვის უკავშირდება ახალი იმედები, რომლებიც არ მართლდება, არა იმიტომ რომ მთავრობა ცუდი ან კარგია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ მთავრობის მიმართ" - განაცხადა ნოდიამ.
რაც შეეხება კვლევის იმ შედეგს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა დემოკრატიასთან ყველაზე ახლო მდგომ ძალად „ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, ნოდიას თქმით, ამ კითხვას თითონაც ასეთ პასუხს გასცემდა.
„ძნელი სათქმელია რატომ ხდება ისე, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველ გუნდ უჭერს მხარს, თუმცა დემოკრატიასთან ყველაზე ახლოს მდგომ ძალად „ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, ეს ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ჩვეულებრივ დემოკრატიისთვის მებრძოლებად აღიქმებიან ოპოზიციური პარტიები და ახლა „ნაციონალური მოძრაობაა" ოპოზიციაში. გარდა ამისა, ბევრი ადამიანის აზრით, იმ პერიოდში რაც „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, მან დემოკრატიული სტანდარტებით მომუშავე ძალად ვერ წარმოაჩინა თავი. შეიძლება „ქართული ოცნება" მოგწონდეს იმიტომ, რომ საზოგადოება ფიქრობს სოციალური პირობებს გააუმჯობესებს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედები არ აქვთ, რომ ეს ძალა დემოკრატიულად მოიქცევა" - განაცხადა ნოდიამ.