„ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შსს-მ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გიორგობიანის განმარტებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით სს „ბანკი ქართუს" გაკოტრებას.
„დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით იურიდიული პირების ქონება გაეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.
იმ მიზნით, რომ ბანკ „ქართუს" ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას უშუალო ორგანიზებით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა. ეკონომიკის სამინისტროს კი პრეზიდენტის განკარგულებით ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკ „ქართუს" გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი გახლდათ.
დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც „ქართუში" საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება, ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიტანდნენ, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის გზით, სიმბოლურ ფასად სხვა კომპანიებზე გაყიდდა, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ. ამ გზით ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით ბანკი "ქართუს" საკრედიტო დავალიანება უუქმდებოდათ, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. ამით დაზარალებული რჩებოდა ბანკი „ქართუ", რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისთვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათასი დოლარსა და 3 757 000 ლარის კრედიტები.
სადემონსტრაციოდ წარმოგიდგენთ კონკრეტულ ფაქტს, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი "ქართუს" გაკოტრების სქემა და მისი განხორციელება დაავალა. თავის მხრივ, ებანოიძემ ამის შესრულება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მის მოადგილეს ოთარ აგლაძეს დაავალა. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც ბანკი "ქართუს" წინაშე საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ. ასეთ კომპანიებს შორისა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ძმის იაგო ჩოჩელის შპს "ინტერპლასტი", შსს იმჟამინდელი კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები - სს "პირიმზე’" და სამკერვალო ფაბრიკა "ლაურა ღაჭავა", მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძის საწარმოები – შპს "ლოგოსი" და ამხანაგობა "თეთრი სახლი".
ყველა კომპანიამ შემოსვლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი ფიქტიური აუქციონი ჩაატარა, სადაც არცერთი ქონება არ გაიყიდა, ამის შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და შემდეგ პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა.
2012 წლის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის გზით იმ კომპანიებისთვის გადაეცა, რომელთა სიასაც მას შემოსავლების სამსახური გაუგზავნიდა. ამ გზით ყველა ქონება იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე გაიყიდა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამ ქონებების ყოფილ მფლობელებს.
ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ და ოთარ აგლაძემ, დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა სამართალდამცველებთან ითანამშრომლეს და გამოძიებას დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მისცეს. სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებით და სხვა უტყუარი მატერიალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების ყოფილი რგოლები, კერძოდ, იუსტიციის, პარლამენტის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებში შემავალი სტრუქტურები და ქვედანაყოფები. გამოძიება გრძელდება" - განაცხადა გიორგობიანმა.