NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას კოალიცია „ქართული ოცნება“ შეძლებს, ხოლო 5% აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.
კითხვაზე, „რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს შემდეგი საკითხების მოგვარებას“ პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა:68% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, ხოლო 4% ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.
56% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს „ქართული ოცნება“ მოაგვარებს, 10% კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს.
რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ ამ საკითხებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს, 68% კი თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“.
ცნობისთვის, აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.