რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრების ფორმატი შესაძლოა, შეიცვალოს და გაფართოვდეს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრები სავარაუდოდ, 2-3 თვეში ერთხელ ან საჭიროებისდა მიხედვით გაიმართება.
„ფორმატს გადავხედავთ, შეიძლება შეცვალოს და არ იყოს შეხვედრა ერთი-ერთზე. იმის თაობაზე თუ სად გაიმართება ეს შეხვედრები, მოსაზრებებს გავცვლით. შეიძლება ეს იყოს შვეიცარია, ან რომელიმე სხვა ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა, რომ ემოციურად ეს შეხვედრები დაკავშირებული იყოს ჟენევის ფორმატთან. კარასინსაც არ აქვს მოთხოვნა, რომ ეს შეხვედრები მაინცდამაინც ჟენევაში გაიმართოს, ასე რომ, სადაც უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს და ნაკლები კითხვები გაჩნდება, იქ შევხვდებით" - განაცხადა აბაშიძემ.