რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის წარმომადგენელთან პირველი შეხვედრით კმაყოფილია.
როგორც ზურაბ აბაშიძემ დღეს, გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საერთო ჯამში, პირველი კონტაქტის კვალობაზე ცუდი შეხვედრა არ იყო.
„როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა, ამ ჩიხისგან გამოსავლის მოძებნა. შეხვედრაზე ჩვენ დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული, კულტურული ურეთიერთობების საკითხები, ასევე რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება რეგულარულ საწყისებზე და ვიმსჯელეთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე“, - განაცხადა აბაშიძემ.
მან შეხვედრის მიზნებზეც ისაუბრა, რადგან მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია.
აბაშიძის თქმით, მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, რადგან 1 ოქტომბერს ამომრჩეველთა მანდატი სწორედ ასეთი იყო - „გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა“.
„მოსახლეობის განწყობა, დიდი ნაწილისა, დღესაც სწორედ ასეთია, გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან არ შეიძლება ვიყოთ რუსეთთან მუდმივ კონფრონტაციაში. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი დღეს სხვა ქვეყანა, რომელსაც ისეთივე ურთიერთობა აქვს ჩვენს დიდ და რთულ მეზობელთან, როგორც საქართველოს. გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები მრავალი წლის მანძილზე მოგვიწოდებდნენ - დაიწყეთ რუსეთთან საუბარი, შეეცადეთ გამონახოთ საერთო ენა. არ შემხვედრია სოლიდური დასავლელი პოლიტიკოსი ან დიპლომატი, რომელსაც საწინააღმდეგო რამ ერჩია. გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელსაც მიესალმენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, თითქმის ყოველდღიურად გვაქვს მათთან შეხვედრები, მესმის მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები, რა თქმა უნდა, რჩევებიცა და წინადადებებიც. გადავდგით ეს ნაბიჯი, რისთვისაც მზაობასაც ყოველთვის ადასტურებდა, გამოხატავდა წინა ხელისუფლებაც თავისი არაერთგზის განცხადებებით - მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იყო სწორი პოზიცია, ვდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩვენს რთულ, კონფლიქტებით გადატვირთულ რეგიონს ემუქრება ახალი საფრთხები, რომელთა მასშტაბისა და დამანგრეველი ძალის პროგნოზირება ჯერ არავის ძალუძს. ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე შევამციროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკები. დავიწყეთ დიალოგი, რადგან მისი ერთადერთი ალტერნატივაა ჩიხი და მუდმივი დაძაბულობა. ამ დიალოგში ჩვენ ვგულისხმობთ ერთამენთის მოსმენას, აზრთა გაცვლას, კომპრომისული შეთანხმებების ძიებას“, - განაცხადა აბაშიძემ.