საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებში, უახლოეს მომავალში წარმომადგენელს დანიშნავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში", ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მას ეყოლება წარმომადგენელი ამ საკითხებში, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, ჯერ შერჩეული არ არის.
სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა გენდერული თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ადრე საქართველოს ქალი მართავდა და ამის კარგი გამოცდილება არსებობს.
ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. მან ქალთა უფლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქცენტები სწორედ უკეთესი სამყაროს შექმნისკენ უნდა გაკეთდეს.
ღონისძიებას გაერო, საერთაშორისდო ორგანიზაციები და ადგილობრივი ფონდები მასპინძლობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტები, ადგილობრივი და საერთაშორისო, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორი ორგანიზაციები, ასევე გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლები.