თბილისის საპატრულო პოლიციაში ავტომანქანების რაოდენობა და პატრულ-ინსპექტორების რიცხვი გაიზარდა.
დღეიდან დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი და 240 პატრულ-ინსპექტორი მოემსახურება. აქამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში 76 მანქანა იყო, რომელიც 35 ერთეულით გაიზარდა.
პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან სამართალდამცავები პატრულირებას მოახდენენ არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე.
მინისტრის განცხადებითვე, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები და პატრულ-ინპექტორების ახალ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულიც არიან.
„მე ვარ ამაყი, რადგან ვხვდები იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებს. წინა და ახლანდელ პოლიციას შორის სხვაობა ისაა, რომ ამჟამინდელ სამართალდამცველებს აღარ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. დეპოლიტიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. დაიცავით ყველას ადამიანის უფლებები, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, მათ შორის მინისტრებიც და თანამდებობის პირებიც, რომლებიც ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებები, რომელიც საპატრულო პოლიციაში განხორციელდა, სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შსს სამინისტრო ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. „მალე, საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი რეგიონებშიც გაიზრდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.