ბარბარობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული კიდევ, 920 ჩვილი გახდება.
ჩვილთა საყოველთაო 25-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება .
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ნათლობის დასასრულს ტაძარში მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
„ჩემი ნათლულების რიცხვი თანდათან მატულობს, რაც ძალიან გვახარებს. ვიმედოვნებთ, ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ღმერთმა გაზარდოს ისინი. ყველა ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ პატრიარქის ნათლულია“,- ბრძანა უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 13 021 ნათლული ჰყავს.
ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ნათლულებს საჩუქრად ჯვრები, ნათლობის მოწმობა, სახარება და სანთლები გადაეცემათ.
ჩვილთა 24-ე ნათლობა 9 სექტემბერს გაიმართა.
პირველი საყოველთაო ნათლობა კი, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.