საქართველო ერთსა და იმავე ბაზარს არ უნდა მისტიროდეს და პროდუქცია ევროპაშიც უნდა გაიტანოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე განაცხადა.
„ჩვენ, საქართველოს შეგვიძლია და ამის შანსი ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა, რომ მივიღოთ ევროკავშირის პერსპექტივა, ე.ი. ევროკავშირმა თქვა, რომ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრები, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩვეულებრივი პარსპორტით შეეძლოს ნებისმიერ თვითმფრინავში დაჯდომა და ჩამოფრენა ევროპაში, იმიტომ რომ იქნება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და ჩვენი პროდუქცია უნდა გამოვინატოთ ევროპაში, არ უნდა მივტიროდეთ ერთი და იგივე ბაზარს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, იქიდან ისევ გამოგვყარონ. ჩვენ გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომლის გამოტანა შეიძლება ევროპაში და სულ უფრო მეტი გაგვიჩნდება"- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს საქართველოს შეუძლია ასოცირების ხელშეკრულება გააფორმოს, 2013 წელი ამისთვის ისტორიული შესაძლებლობაა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას მოახდენს.
პრეზიდენტმა ბოლო ხანებში ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.
„აქ საქართველო 8 წლის წინ საერთოდ არავინ იცოდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვიყავით ღვთისგან მიტოვებული, დავიწყებული ქვეყანა ამათ თვალში. მაშინ საქართველოში ჩამოდიოდა 120 ათასი სტუმარი. წელს საქართველოში ჩავა 4 მლნ-ზე მეტი სტუმარი. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან ბევრი დახარჯული ფული. მარტო ამ ბაზრობაზე მოვა დამატებით 500-600 ათასი ევროპელი და გაიგებს, რა არის საქართველო"- აღნიშნა სააკაშვილმა.