„თელასიდან

„თელასიდან" გათავისუფლებული 73 თანამშრომელი სამსახურში აღდგენილია

"თელასის" გენერალური დირექტორის დევი კანდელაკის განცხადებით, „თელასიდან" გათავისუფლებული 107 თანამშრომლიდან 73 სამსახურში უკვე აღდგენილია. ამის შესახებ კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „თელასიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხის მოგვარების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ მუშაობის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 73 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა მოხერხდა. კანდელაკის განმარტებით, სხვა ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებით „თელასის" ადმინისტრაცია მუშაობას აგრძელებს და დევი კანდელაკი დღეს კიდევ 15 მათგანს შეხვდება.

„ჩვენ დიდი გულისყურით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ საკითხის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად. კომპანიის ხელმძღვანელად დანიშვნის დღიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. ამასთან, მინდა გამოვყო აღვნიშნო ენერგეტიკის სამინისტროს პოზიტიური მიდგომა გათავისუფლებული თანამშომლების საკითხის მოგვარებაში"- განაცხადა კანდელაკმა.

„თელასიდან" დათხოვნილი თანამშრომლები მათ გათავისუფლებას ყოფილ კომერციულ დირექტორს ზურაბ არსოშვილს უკავშირებდნენ. მათ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს, რის შემდეგაც პრობლემის მოგვარების მიზნით ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც „თელასის" და კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლები შედიოდნენ. როგორც „თელასში" აცხადებენ კომისიის წევრები თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავდნენ.