შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თიანეთის რაიონის სოფელ გოჯიანებში მცხოვრები, 1966 წელს დაბადებული ვეფხია ბ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, 2 ოქტომბერს, დაბა ზაჰესში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ 1967 წელს დაბადებულ ვახტანგ მეშველაშვილს, საკუთარ სახლში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სასტიკად აწამა და ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის დროს, მკვლელიც და მსხვერპლიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამასთან, დადგინდა, რომ ბრალდებული და მოკლული ახლო მეგობრები იყვნენ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.