მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით, ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის თითქმის ყველა წევრი ესწრება.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, ეს სამთავრობო კომისიის 43-ე სხდომაა, თუმცა ამ შემადგენლობით პირველად იმართება.
პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაცია, ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებულად და დროულად დასრულება.
„ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში ჩართულია პრაქტიკულად მთავრობის შემადგენლობა"- განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდება სხვადასხვა უწყებების პოზიციები, გაიცემა შემდგომი მითითებები და დავალებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ენერგიულად ჩაერთოს საქართველოს ყველა სამინისტრო იმ საქმეში, რაც პროცესის წარმატებით დასრულებას გულისხმობს. როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ქვეყნის მომავლისთვის.