სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ შვედეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.
უწმინდესთან შეხვედრაზე, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და აღნიშნული ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ.
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საქართველოს ახლა ხელისუფლების ცვლის რთული, გარდამავალი პერიოდი აქვს და საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
უწმინდესი დელეგაციის წარმომადგენლებს წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მოციქულ ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობენ.
26 საუკუნის განმავლობაში, საქართველოში ცხოვრობდნენ ებრაელები, მაგრამ ანტისემიტიზმი საქართველოში არ ყოფილა.
ბოლო პერიოდში კი, პატრიარქის თქმით, ევროპაში ვრცელდება საქართველოდან ინფორმაციები იმის შესახებ, თითქოს მუსლიმებს ავიწროვებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
პატრიარქმა ისაუბრა ასევე პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკში აღსრულებული წმინდა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძის შესახებ. უწმინდესის თქმით, ის იყო დიდი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სხვა ერს შესწირა.
შეხვედრაზე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა იაცეკ მიხალოვსკიმ აღნიშნა, რომ პირველად საქართველოში, არის ძლიერი პარლამენტი და ძლიერი ხელისუფლება.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება, ევროპისაკენ გზის გაგრძელება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ სტანდარტებზე; საქართველოს ასევე სჭირდება ღია დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროგაერთიანებისათვის, ასევე, პირველ რიგში საქართველოსთვის.
იაცეკ მიხალოვსკიმ ისაუბრა პოლონეთში გამოცემულ წიგნზე, რომელიც წმინდა არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ნაშრომებს ეძღვნება და უწმინდესს ის საჩუქრად გადასცა.
პატრიარქს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბულგარეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. უწმინდესმა უმაღლესი რანგის სტუმრებს ასევე მოუთხრო იმის შესახებ, რომ იგი ნამყოფია შვედეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში და იმედი აქვს, რომ აღნიშნული ქვეყნების პირველი პირები საქართველოს გამთლიანებაში დაეხმარებიან.
ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ ისინი დაეხმარებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.