ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე პროკურატურაში მივიდა. არსებული ინფორმაციით, მას პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე, დამატებითი დეტალები უნდა გააცნონ.
როგორც ჟურნალისტებს რობაქიძემ განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს დამატებითი დეტალები, თუმცა რაში მდგომარეობს ახალი დეტალები, ამის შესახებ რობაქიძე ინფორმაციას არ ფლობს.
„მივდივარ გამომძიებელთან, შევიტყობ თუ რა დეტალებზეა საუბარი და პროკურატურის დატოვების შემდეგ გავაცნობ მედიას" - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
2004 წელს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ შემთხვევის ადგილზე, წერეთლის გამზირზე თბილისის პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე მივიდა პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის იმიჯის შელახვის თავიდან აცილების მიზნით მათ ჩაიდინეს დანაშაული, კერძოდ ტერიტორიაზე მიიტანეს საბრძოლო მასალა. ამასთან, ზურაბ მიქაძემ პოლიციელს ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა. აღნიშნული დანაშაულისთვის ზურაბ მიქაძეს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. იგი იყო დაკავებული, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.