"სახალხო კრება" უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს მიიჩნევს. ამის შესახებ „სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„სახალხო კრება" მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, „პოლიტიკური ნიშნით, დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე", საქართველოს ჩამორეცხა ის სირცხვილი, რასაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანების არსებობა ჰქვია. ჩვენ მადლობას ვუხდით ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, ყველა უფლებადაცვით ორგანიზაციას და ცალკეულ უფლებადამცველს გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოსათვის და მტკიცე პოზიციისათვის, რომლის შედეგადაც ამ უმნიშვნელოვანესი დადგენილების მიღება მოხერხდა.
„სახალხო კრება" ასევე მიესალმება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, "ამინისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას. დაწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში გაივლის ყველა საჭირო პროცედურას და პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნილები მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. ასევე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შემდგომ ეტაპზე აუცილებლად მოხდეს იმ პირებისათვის სტატუსის მინიჭება და რეაბილიტაცია, რომლებმაც პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ უკვე მოიხადეს სასჯელი გასული წლების მანძილზე.
ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ შეჩერდეს და ობიექტურად იქნას გამოძიებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული. დამნაშავენი თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე აუცილებლად უნდა წარსდგნენ.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარმოებაში მიღებული აქვს "სახალხო კრების" სარჩელი 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო მთელი მსოფლიოს გასაგონად ჩვენ სიმართლეს დაადასტურებს.
„სახალხო კრება" მოელის, რომ ჩვენ მიერ არაერთგზის გაცხადებული მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება და უახლოეს ხანებში შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს, როგორც 26 მაისის სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციას, ასევე 26 მაისამდე ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტერორს "სახალხო კრების" წევრებისა და მომხრეების მიმართ. ვინაიდან სპეკულაციები 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით არ წყდება და „ნაციონალური მოძრაობა" ურცხვად მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა, „სახალხო კრებამ" მიიღო გადაწყვეტილება დააჩქაროს პროცესი და მიმართოს მთავარ პროკურატურას 2011 წლის მაისის მოვლენების გამოძიების უმოკლეს ვადებში დაწყების მოთხოვნით" - ნათქვამია განცხადებაში.